2018-01-03 06:20:31
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში. პილოტირების შედეგად შემუშავდება სისტემური ცვლილებები პროფესიულ განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს „საგანმანათლებლო ჩიხის“ დაძლევას და შესაძლებლობას მისცემს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.
პილოტირების შუალედურ შედეგებს დღეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა გახსნეს.
ახალი პროექტის პილოტირებაში მონაწილეობს კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი (კახეთი), შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამეგრელო) და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი (მცხეთა მთიანეთი). ამ სამი სასწავლებლის პილოტირებაში ჩართული 20-მდე კურსდამთავრებული სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებს როგორც პროფესიულ კვალიფიკაციას, ასევე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადსაგანმანათლებლო განათლების პილოტირების მხარდაჭერა 2018 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. მომავალში მსგავსი მოდელი საქართველოს ყველა კოლეჯში დაინერგება.
წყარო: http://mes.gov.ge/content.php?id=8045&lang=geo